საზოგადოება
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიები ყველაზე არაანგარიშვალდებულ უწყებათა ჩამონათვალშია
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მერიები 2021 წლის ყველაზე არა-ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებების ჩამონათვალში მოხვდა. "ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ორივე თვითმმართველობამ სრულად უგულებელყო კანონით დაკისრებული ვალდებულება და ორგანიზაციის ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. IDFI-მ თითოეული მერიიდან საჯარო ინფორმაცია 30-ჯერ გამოითხოვა.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის გარდა 2021 წლის ყველაზე არა-ანგარიშვალდებული უწყების ჩამონათვალში, კიდევ 11 ადგილობრივი თვითმმართველობის მერია და საკრებულო მოხვდა.

2021 წელს IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ უწყებად საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეფასდა.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 15 უწყებაში დაფიქსირდა. მათ შორის 13-მა 10დღიანი ვადა დაიცვა, ხოლო ორმა კანონით დადგენილი ვადები დაარღვია. 15 საჯარო დაწესებულებას შორის მოხვდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს 2010 წლიდან ახორციელებს.

IDFI-ის მონიტორინგის შედეგების თანახმად 2021 წელს, ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით 2%-ით არის გაუმჯობესებული.
| Print |