საზოგადოება
"ბორჯომის" ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციებს იწყებენ
"ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხნებში დასაქმებულები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს იწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას "პროფკავშირები" ავრცელებს, რომელიც "IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლების უფლებებს იცავს. პირველი აქცია 29 მაისს არის დაანონსებული. 

"დაყოფის, გაყოფის, შეშინების, ხელფასების არ დარიცხვის, იძულების მიუხედავად ამ ხალხს ვერავინ და ვერაფერი გაყოფს❗️

29-მაისი მთელი ქვეყანა, ყველა ბორჯომის გადასარჩენად"
- ვკითხულობთ "პროფკავშირების" ფეისბუქ-გვერდზე.

"შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული კომპანიის არაადეკვატური ქმედებების გამო. როგორც იცით გაათავისუფლა 50-მდე დასაქმებული, ხელფასები შეუმცირა, აიძულებს, აშინებს, აშანტაჟებს, რომ ახალ ხელშეკრულებებს მოაწერონ ხელი. რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ, ვეწინააღმდეგებით. ჩვენ გამოვიყენებთ კანონით მინიჭებულ უფლებას, პროტესტის უფლებას, რადგან კომპანია არ მოდის შეთანხმებაზე" - აცხადებს "პროფკავშირების" ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე. 

შეგახსენებთ,რომ "IDS ბორჯომის" საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ქარხნების გაჩერების შემდეგ კომპანიამ თანამშრომლებს ახალი სამუშაო პირობები შესთავაზა, რაზეც დასაქმებულთა უმრავლესობამ უარი განუცხადა. ამის შემდეგ თანამშრომლებმა თქვეს, რომ მათზე ზეწოლა და შანტაჟი განხორციელდა: თუ პირობებს არ დათანხმდებოდნენ, განაცდურს არ აუნაზღაურებდნენ და სამსახურიდანაც გაათავისუფლებდნენ.

ამ დროის განმავლობაში "IDS ბორჯომმა" 49 თანამშრომელი დაითხოვა. 

21 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადასცეს. მისი მტკიცებით, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება" და "იქ დასაქმებული ყველა თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს".
| Print |