საზოგადოება
რუსეთის 500-ზე მეტი მოქალაქე ახალციხისა და ადიგენის მინდვრებში დარეგისტრირდა
უკრაინაში ომის დაწყებიდან აპრილის ბოლომდე საქართველოში ინდ.მეწარმის სტატუსისა და კომპანიის რეგისტრირების უფლება რუსეთის 3 626-მა მოქალაქემ მიიღო. ამასთან დაკავშირებით კვლევის შედეგებს ორგანიზაცია "აი, ფაქტი" აქვეყნებს. კვლევის თანახმად ასეულობით მათგანი რეგისტრაციისთვის ერთსა და იმავე მისამართს იყენებს.

"აი, ფაქტმა" ახალციხეში ასეთი ადგილი სოფელი აბში, ხოლო ადიგენის მუნიციპალიტეტში - სოფელი უნწაში იპოვა. აქ არსებული სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები რუსეთის 500-ზე მეტი მოქალაქისთვის იურიდიული მისამართი გახდა.

"კვლევის პროცესში დავაკვირდით, რომ რამდენიმე ადგილი ხშირად მეორდებოდა. მეორდებოდა ასევე, მესაკუთრე, ვინც თავის უძრავ ქონებას იურიდიულ მისამართად აძლევდა რუსეთის მოქალაქეებს. ასეთი ორი ადგილი ავირჩიეთ, სადაც განსაკუთრებით ხშირად რეგისტრირდებოდნენ რუსეთის მოქალაქეები"
- ამბობს "აი, ფაქტი"-ს ჟურნალისტი მანჩო ღოღობერიძე.

რუსეთის 203 მოქალაქე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბში, ადგილობრივი უჩა ყურმაშვილის კუთვნილ ნაკვეთშია რეგისტრირებული. აქედან 103 არის შპს, ხოლო ხოლო 100 - ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი იურიდიულ მისამართად აქვს რეგისტრირებული. "აი, ფაქტი"-ს ინფორმაციით, რეგისტრაციაში მათ უჩა ყურმაშვილი ეხმარებოდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწაში არსებული მიწის ნაკვეთები იურიდიულ მისამართებად რუსეთის 314-მა მოქალაქემ გამოიყენა. მათ შორის, ერთი ადგილი სოფლის სასაფლაოსთან მდებარეობს, რომელიც ადგილობრივ სიმონ აკოფაშვილს ეკუთვნის. აქ რუსეთის 61 მოქალაქეა რეგისტრირებული. მისი მეორე ნაკვეთი კი იურიდიულ მისამართად ოკუპანტი ქვეყნის 253-მა მოქალაქემ გამოიყენა. აქედან 76 - კომპანიაა, ხოლო 177 ინდ. მეწარმე.

ერთი სუბიექტისთვის, იურიდიულ მისამართად საკუთარი უძრავი ქონების გამოყენების უფლების მიცემა 100-150 ლარი ღირს.

თემასთან დაკავშირებით "მეცხრე არხი" ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს, რომელსაც საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.
| Print |