საზოგადოება
მშენებლობიდან გადმოვარდნილ მუშაზე, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ გადმოხტა
თვითმკვლელობის მცდელობა თუ სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა - სასტუმრო „აბასთუმანი ავტოგრაფის“ სამშენებლო მოედანზე მომხდართან დაკავშირებით, სხვადასხვა ვერსია ჟღერდება. ობიექტის თანამშრომლები სუიციდის მცდელობაზე საუბრობენ, თუმცა კომპანიის თანამშრომლებისა და ადგილობრივების მონაყოლი ერთმანეთს არ ემთხვევა. მუშები ამბობენ, რომ მამაკაცი წინა დღით გაუჩინარდა და მას ვერ უკავშირდებოდნენ, სასტუმროს მეპატრონე კი ამბობს, რომ კაცი ნომრიდან შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გავიდა.

მშენებლობიდან მუშის გადმოვარდნის ფაქტს შსს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით სწავლობს. ობიექტზე თანამშრომლები ჰყვებიან, რომ მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და სასტუმროს ეზოში დაეცა. მათი თქმით, თანამშრომელმა თავის მოკვლა სცადა და ეს არ იყო უსაფრთხოების წესების დარღვევით გამოწვეული შემთხვევა.

38 წლის მამაკაცი აბასთუმანში სამუშაოდ ხუთი დღის წინ ჩავიდა. ის ამწეს ოპერატორი იყო და კომპანია "ელიტა ბურჯმა" დაიქირავა. შპს „ცისარტყელას“ ხელმძღვანელის თქმით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები უკვე შეისწავლა შრომის ინსპექციამ.

დაშავებული მამაკაცი, ამჟამად თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა 23 მაისს მოხდა.
| Print |