საზოგადოება
რუსების გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც ვეხმარები - უჩა ყურმაშვილი
კიდევ ერთი პირი სამცხე-ჯავახეთიდან, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ნებას აძლევს საკუთარ მიწის ნაკვეთი იურიდიულ მისამართად დაარეგისტრირონ, ახალციხელი უჩა ყურმაშვილია. იგი ირწმუნება, რომ ამ ფორმით, საქმიანობის წამოწყებაში, რუსების გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც ეხმარება. ყურმაშვილი ამბობს, რომ ამით არაკანონიერ ქმედებას არ ეწევა.

„თქვენ ხომ იცით რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თან ერთი დღე ხომ არ არის, წლებია რაც ასეთ რამეს ვაკეთებ და გეკითხებით, რამე არაკანონიერი არის ჩემს ქმედებაში?“ - კითხულობს უჩა ყურმაშვილი.

ორგანიზაცია „აი, ფაქტის“ გამოძიების თანახმად, ყურმაშვილმა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აპრილამდე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბში, ერთ კონკრეტულ მისამართზე, რუსეთის 203 მოქალაქე დაარეგისტრირა. ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ლოგიკურად მიაჩნია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების დახმარება, ყურმაშვილი პასუხობს, რომ ეს საქმიანობა მისთვის ბიზნესი და შემოსავლის წყაროა.

„ჩვენ ყველას გაგვაჩნია ჩვენი აზრი... მე ჩემი პირადი შეხედულებები მაქვს. ეს არის ჩემთვის ბიზნესი. ეს დღევანდელი კი არ არის, ომის დაწყების მერე კი არ არის. ომამდელი თემებია. ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო...ჩემი მიწაა, ჩემი საკუთრებაა და ვაკეთებ რეგისტრაციას, მარტო რუსებზე კი არა, ყველაზე აბსოლუტურად. ვინც კი შემოდის და ბიზნესის კეთება სურს, ვაძლევ იურიდიულ მისამართს“, - აცხადებს უჩა ყურმაშვილი.უჩა ყურმაშვილის ნაკვეთი

ომის დაწყებიდან აპრილის ბოლომდე, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი იურიდიულ მისამართად 103 შპს-ს და 100 ინდივიდუალური მეწარმეს აქვს დარეგისტრირებული. "აი, ფაქტი"-ს ინფორმაციით, ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, ინდ.მეწარმის სტატუსისა და კომპანიის რეგისტრირების უფლება, რუსეთის 3 626-მა მოქალაქემ მიიღო, აქედან 314 ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწაში, სიმონ აკოფაშვილის ბაღებშია რეგისტრირებული.

| Print |