საზოგადოება
ახალციხეში აფეთქებული კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების დასრულების თარიღი ისევ გადავადდა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები საკუთარ ბინებს ვერც ივნისის ბოლოს დაუბრუნდებიან. გამაგრებით სამუშაობს იმაზე ბევრად მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მშენებელი კომპანია თავდაპირველად ვარაუდობდა. "ნიუ პროჯექტმა" კორპუსის ჩაბარების ვადები უკვე ორჯერ გადაწია. კომპანიის დირექტორი ამას მუშაობის პროცესში გაუთვალისწინებელი სამუშაოების აღმოჩენით ხსნის.

ამ ეტაპზე დაზიანებული შენობა ნაგვისგან გაწმენდილია. დასრულებულია საძირკვლის ძირის, კედლებისა და ჩარჩოს გამაგრება.

"დაგვრჩა გადახურვის ფილა. სარდაფში საკანალიზაციო სისტემა რაც არის დაზიანებული მაგასაც აღვადგენთ. ვფიქრობთ, თვე-თვენახევარში დავასრულებთ, იმიტომ რომ მაგას აქვს თანმიმდევრობა. იქ ბეტონი თუ არ გაშრა, შემდეგ სამუშაოს ვერ გავაგრძელებთ", - ამბობს კომპანია "ნიუ პროჯექტის" დირექტორი დავით ჩაჩანიძე.

რუსთაველის ქუჩის N99ა-ში მდებარე კორპუსის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მარტის თვეში მას შემდეგ შეჩერდა, რაც ტერიტორიის გასუფთავებისას გაუთვალისწინებელი დაზიანებები აღმოაჩინეს. ამის გამო კომპანიას პროექტის დაკორექტირება მოუწია. ასევე საჭირო გახდა დამატებითი სამშენებლო მასალის შეძენაც.

სამუშაოები აპრილის პირველი რიცხვებიდან განახლდა. კომპანიის დირექტორი მაშინ სამუშაოების დასრულებას ორთვენახვარში ვარაუდობდა.

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის N99ა-ში მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი 2020 წლის 24 დეკემბერს აფეთქდა. შემთხვევის შედეგად პირველ სართულზე მდებარე რესტორნის იატაკი ჩაინგრა. აფეთქების დროს ორი ადგილობრივი დაშავდა. ერთ წელზე მეტია კორპუსის მაცხოვრებლები მერიის მიერ დაქირავებულ ბინებში ცხოვრობენ.

| Print |