საზოგადოება
ტექ.დათვალიერების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა იზრდება
ტექ.დათვალიერების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა იზრდება. საკანონმდებლო ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შევა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტთან დაკავშირებით დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმსჯელეს.

ცვლილების მიხედვით, ტექნიკური დათვალიერების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერთხელ დაჯარიმებული ფიზიკური პირი ჯარიმის დაკისრებიდან 30 დღის განმავლობაში თუ ტექდათვალიერებას არ გაივლის, დაეკისრება ჯარიმა - 150 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს - 300 ლარის ოდენობით.

იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში, თუ ფიზიკური, ან იურიდიული პირი 30 დღის განმავლობაში ტექდათვალიერებას ისევ არ გაივლის, ჯარიმის ოდენობა იზრდება - ფიზიკური პირი 300 ლარით, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით დაჯარიმდება.

| Print |