საზოგადოება
19 ივნისს საქართველოში მამის დღე აღინიშნება
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, მამის დღე აღინიშნება.

ამ დღის აღნიშვნა იმ მასშტაბური ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას. კამპანია "კაცები ზრუნავენ" გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სპეციალისტების აზრით, მამაკაცთა მზრუნველობას ქალთა, ბავშვთა და, ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეებიმამაკაცებს ხელს უშლით აიღონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ. არსებული სოციალური ნორმები კვლევებითაც დასტურდება: 2013 წელს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის "კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში" მიხედვით, მოზარდისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, მასწავლებელთან საუბარში, საჭიროების შემთხვევაში - დავალების მომზადებაში, ყოველდღიურად ჩართული მამაკაცების ხვედრითი წილი 5%-ს არ აღემატება.
| Print |