საზოგადოება
ბორჯომის ქარხნის მუშებსა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა

ბორჯომში, ქარხნის თანამშრომლების გაფიცვის 21-ე დღეს, მუშებსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.

გენერალურ დირექტორთან ივანე მაჭავარიანთან შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანია ორი თვის სახელფასო დავალიანებას დაურიცხავს, 50 გათავისუფლებულიდან კი 48-ს სამსახურში აღადგენს. ორ თანამშრომელს, რომელიც პროფკავშირის აქტიური წევრები არიან, სამსახურში აღდგენაზე უარი უთხრეს.

დირექტორი დაჰპირდა, რომ ქარხანაში აღარ შევლენ ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებსაც მუშები მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებენ. საპროტესტო აქცია შეწყდება, შეთანხმებას მხარეები ხვალ გააფორმებენ, ქარხნის თანამშრომლები კი საწარმო პროცესს დაიწყებენ.

აიდიეს ბორჯომი საქართველოში გვითხრეს, რომ მედიაციის პროცესის დასრულებამდე მიმდინარე მოვლენებს განცხადებით აღარ გამოეხმაურებიან.
| Print |