საზოგადოება
"კურთხევიდან მესამე დღეს ხატმა ერთი სართულიდან მეორეზე დაიწყო გადაადგილება" - აუხსნელი მოვლენები სოფელ სამყურეში
ხატების გადაადგილება ერთი სართულიდან მეორეზე, მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი სხვადასხვა ქსოვილზე, მოტეხილი რკინის ჭიშკარი და მიწაზე დაბნეული ფქვილი - ადიგენის სოფელ სამყურეში მცხოვრები ჩხაბერიძეების ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ მათ სახლში უცნაური მოვლენები დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.

სამყურეში ჩხაბერიძეები 1944 წლიდან ცხოვრობენ. სახლში მსგავსი უცნაურობა მანამდე არასდროს შეუნიშნავთ. ოჯახის დიასახლის თქმით, ცეცხლი ძირითადად დღის განმავლობაში, მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ოჯახის წევრები შენობაში იმყოფებიან. ირმა ბოჭორიშვილი იმასაც ირწმუნება, რომ სხვადასხვა ადგილზე ქსოვილის შემცველ ნივთებს ცეცხლი 1-ლი ივნისიდან ეკიდება.

დამწვარი და დაზიანებული ნივთების პარალელურად, ჩხაბერიძეების მტკიცებით, 20 ივნისიდან შენობაში ხატების მოულოდნელი გადაადგილება და მირონდენა დაიწყო. ელისო ჩხაბერიძის თქმით, ოჯახი ამ ფაქტს, შენობაში გამოყენებული ეკლესიის ქვებს უკავშირებს.

მომხდარის ახსნა და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება უჭირთ ადიგენის მერიაში. ოჯახის მონახულებას და ვითარების ადგილზე შესწავლას გეგმავს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია.
| Print |