საზოგადოება
მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანომ, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მეორე სხდომა გამართა. შეხვედრა ახალციხის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმოხილვით დაიწყო. სხდომა თითქმის, ოთხ საათს გრძელდებოდა, სადაც საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

სარწყავი და სასმელი წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქალაქსა და სოფლებში, ამორტიზებული კორპუსები, მიუსაფარი ცხოველები და სოფლების გაზიფიცირება - წევრებმა თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად, ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს. ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული იყო ბიჭიკო მოდებაძე, რომელმაც საჯარო უწყების თანამშრომლები გააკრიტიკა, სამსახურის უფროსებს კი ურჩია კაბინეტებიდან გარეთ გავიდნენ, პრობლემები შეისწავლონ და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელონ.

ფართის გამოყოფა ითხოვა შშმ პირთა ორგანიზაციამ, რომელმაც შენობის რეაბილიტაციისთვის დონორი უკვე მოიძია. ქალაქის განვითარების გენგეგმის, მუნიციპალური ტრანსპორტისა და რეკრეაციული ზონების საჭიროებზე ისაუბრა სასოფლო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გურამ ჯინჭველაძემ, „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წევრმა ჯაბა ნათენაძემ კი მუნიციპალიტეტის მერს სოციალურ ქსელში გამოკითხული მოქალაქეების პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ირაკლი ლაზარაშვილი საბჭოს წევრებს დაჰპირდა, რომ ზოგიერთ პრობლემას შეისწავლის, ზოგს კი მოაგვარებს.
| Print |