საზოგადოება
ახალციხეში პრივატიზაციის აუქციონებს თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრები იგებენ - კვლევა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული ოფიციალური მონაცემები შეისწავლა და დაადგინა, რომ პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს.

კვლევის ფარგლებში საეჭვო გარემოებების შემცველი პრივატიზაციის შემთხვევები გამოვლინდა ახალციხეშიც, რომლის მიხედვითაც პრივატიზაციის აუქციონებს თანამდებობის პირები ან მათი ოჯახის წევრები იგებენ. კერძოდ:

  • 2014 წლის აგვისტოში, არსენ ოვეიანმა, უკონკურენტოდ, 30 000 ლარად მოიგო ელექტრონული აუქციონი ქალაქ ახალციხეში, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე 1,173 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. არსენ ოვეიანის მამა, სამველ ოვეიანი, იმ დროს ქ. ახალციხის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე იყო.
  • 2019 წლის თებერვალში, მარიკა ჩიტაშვილმა, უკონკურენტოდ, 21 500 ლარად მოიგო პრივატიზაციის აუქციონი ქალაქ ახალციხეში მდებარე 1,384 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. მარიკა ჩიტაშვილი იმ დროს ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.

"საქართველოში მიწის რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრივატიზების პროცესი, დიდი ალბათობით, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. ზემოთ ნახსენები გამოწვევების პირობებში, და ასევე იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს მაღალი დონის კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა მოხდეს კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების ხარჯზე, რისი არაერთი სავარაუდო მაგალითიც ამ კვლევაშია მოყვანილი" - ვკითხულობთ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევაში.

| Print |