საზოგადოება
რუსული აგრესია, რომელსაც ხუთი ახალციხელი ემსხვერპლა - ტამიშის ბრძოლიდან 29 წელი გავიდა

 

დღეს, ორ ივლისს ტამიშის ბრძოლიდან 29 წელი გავიდა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად, 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დაღუპულებს შორის ხუთი ახალციხელია. გიორგი ჯაფარიძე და თამაზ თათოშვილი ორ ივლისს, თემურ კაჭკაჭაშვილი კი სამ ივლისს მოკლეს. კიდევ ორი მებრძოლი გარდაიცვალა ტამიშის ბრძოლიდან ორ დღეში - აკაკი გორელიშვილი და გელა ჯანაშვილი.

1993 წლის 2 ივლისს, 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან, რუსეთის სამხედრო ხომალდმა 600-კაციანი საზღვაო დესანტი გადმოსხა. პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, აფხაზური ფორმირებები და ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატებიც გააქტიურდნენ. მტერმა, ქართული შენაერთების ნაწილს, ჩრდილოეთიდან, ტყვარჩელის მიმართულებიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ბრძოლაში ჩაერთო იმ დროისთვის ქვეყანაში არსებული ყველა ქართული, საბრძოლო შენაერთი.

 

| Print |