საზოგადოება
რა ბედი ელის უსახურავოდ დარჩენილ კორპუსს ახალქალაქში?
ახალქალაქში, სტიქიისგან დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი 17 დღეა სახურავის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემას თავად ვერ მოაგვარებენ და დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ. ახალქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს ამის რესურსი არ აქვს, ამიტომ ცენტრალურ ხელისუფლებას წერილობით მიმართა. მერის მელქონ მაკარიანის თქმით, პროექტის მიხედვით, ხუთსართულიანი კორპუსის გადასახურად 72 ათასი ლარია საჭირო.

"აღნიშნულ საკითხზე სტიქიის ფონდს ვთხოვეთ დახმარება. პროექტი უკვე მზად გვაქვს, გაგზავნილია ოფიციალური დოკუმენტები და პასუხს ველოდებით. იმ შემთხვევაში, თუ თანხას არ ჩაგვირიცხავენ ჩვენ ადგილობრივი ძალებით მოვაგვარებთ ამ პრობლემას" - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა.

სტიქიის ფონდში უკვე გადაგზავნილია დოკუმენტები, თუ ცენტრალური ხელისუფლება დახმარებაზე უარს იტყვის, თვითმმართველობას სახსრების გამოყოფა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოუწევს. ახალქალაქში, სამხედრო დასახლებაში, 355-ე კორპუსის სახურავი 21 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დააზიანა. ამის გამო, მოსახლეობის სახლებში ისე წვიმს, როგორც გარეთ.

| Print |