საზოგადოება
"თუ თქვენ პირველ 13% - ში მოხვდებით, მაშინ მოგებას მიიღებთ" - რა პრინციპით მუშაობენ „ტესლამედია“და „ალეგრო“
ბოლო რამდენიმე თვეა ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეგობართან, მეზობელთან თუ სხვა სივრცეში ხშირად გაიგონებთ სიტყვებს: „ტესლა“, „ალეგრო“, „ათასით დავიწყე და ორმაგი ამოვიღე“, „ მთავარია, რაც ჩავდე ის ამოვიღო და მეტი არ მინდა“, „ჩემმა მეზობელმა ამდენი ათასი გამოტანა“, „მოდი დაგარეგისტრირო ფულს გაშოვნინებ“.

ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზები, შესაძლოა სინამდვილეში დიდი თაღლითობის ნაწილი იყოს, რომელსაც საზოგადოების უმეტესი ნაწილი საკუთარი ნებით თანხმდება და ხშირად გაუაზრებლადაც რისკავს.

"მეცხრე არხი" დაინტერესდა საიდან იღებს სათავეს ფინანსური პირამიდები, რატომ გახდა ასეთი პოპულარული მსგავსი პლატფორმა საქართველოში და რა საფრთხეებს შეიცავს ერთი შეხედვით უწყინარი „თამაშები“.

ამის შესახებ კითხვები "Bitcoin Embassy Georgia"-ს დამფუძნებელს, ალექსანდრე სუდაძეს დავუსვით. კითხვაზე თუ რა არის ფინანსური პირამიდა და როგორ მოიპოვა მასშტაბური პოპულარულობა, ის ამბობს, რომ ეს პლატფორმა ჩარლზ პონცის მათემატიკური სქემიდან მომდინარეობს, რომლის მუშაობის პრინციპიც პირამიდის მსგავსია.

„სახელწოდება პირამიდა ჩარლზ პონცის მათემატიკური სქემიდან მომდინარეობს, რომლის მუშაობის პრინციპიც პირამიდის მსგავსია. თანხის მომატება ხდება ყოველი ახალი მოწვეული მონაწილის მიერ შემოტანილი თანხის ხარჯზე. ასე მაგალითად, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, თანხის გამომუშავების პერსპექტივით, სქემაში მონაწილეთა ჯგუფი იწვევს კიდევ ახალ მონაწილეებს, რომლებსაც შემოაქვთ გარკვეული თანხა და ასე გრძელდება ჯაჭვურად. ხოლო ყოველი ახალი მონაწილის შეტანილი თანხით სარგებლობს ძველი მონაწილე. შესაბამისად, ბიუჯეტის მთლიანი თანხიდან ნახევარს კომპანია ინაწილებს და ნახევარს მონაწილეები. ეს არის პონცის პირამიდის კლასიკური ცნება. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეს პირამიდა აღიარებულია თაღლითურ სქემად“ -აღნიშნავს სუდაძე.

რაც შეეხება საქართველოში პოპულარული აპლიკაციებიდან,  „ტესლამედია“ „ალეგრო“, „ვინდი“ „ლისტი“ და სხვა, მიღებულ შემოსავალს, ალექსანდრე სუდაძე აღნიშნავს, რომ ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ იმას, რომ იაფი ფული არ არსებობს.

„ტესლამედიას“ თავიდანვე ის გათვლა ჰქონდა, რომ ტესლა ასოცირდება ცნობილ ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც ელექტრომობილებს უშვებს, შესაბამისად სანდოობაც მეტი იყო. ადამიანებს ყოველთვის გვქონდა სწრაფვა იაფი ფულისკენ. ყველამ ვიცით, რომ იაფი ფული არ არსებობს და მარტო სათაგურშია უფასო ყველი, მაგრამ „ჰა, იქნებ გავატანინო“ პრინციპით მოქმედებენ. სხვათა შორის ეს პრინციპი მუშაობს, თუ ადამიანმა სწორად გათვალა პირამიდის ფსკერი. ანუ იცის დაახლოებით როდის უნდა დამთავრდეს თამაში.

თუ თქვენ თამაშის დაწყებიდან პირველ 13% - ში მოხვდით, მაშინ მოგებას მიიღებთ. დანარჩენი 87% უკვე წაგებულია. თუ თქვენ პირველ 30%- ში მოხვდით, მაშინ მოგება-ზარალი გექნებათ ნული და თუ 30% -ის ქვემოთ მოხვდით, დიდი ალბათობით ინვესტიციის ამოღებას ვერ მოასწორებთ. ეს ჩვენ ვიცით და ხშირად შეგნებულად მივდივართ ასეთ რისკზე“
- განმარტავს ალექსანდრე სუდაძე.

კითხვაზე, თუ ძირითადად რომელ ქვეყნებშია პოპულარული მსგავსი აპლიკაციები, "Bitcoin Embassy Georgia"-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის პირამიდები ძირითადად განვითარებად ქვეყნებშია მასობრივად გამოყენებადი, სადაც ეკონომიკური განათლება არ გააჩნიათ.

„მსგავსი ტიპის პირამიდები ძირითადად განვითარებად და ეკონომიკურად განუვითარებელ ქვეყნებშია პოპულარული. ძირითადად იქ, სადაც სიდუხჭირეა. ბევრმა ადამიანმა სესხიც კი აიღო ამ პირამიდაში ჩასართავად და ახლა წაგებულია. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ გარისკონ იმდენი, რაც დიდ მატერიალურ და მორალურ ზიანს არ მიაყენებთ. პრობლემა ფინანსური გაუნათლებლობაა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იაფი ფული არ არსებობს“- აღნიშნა მან.

„ალეგროს“ მიერ მოფიქრებულ მარკეტინგულ ხრიკზე კი, რომელიც აპლიკაციაზე არსებულ თანხის მხოლოდ 30%-ის გამოტანას გულისხმობს, ალექსანდრე სუდაძე ამბობს, რომ ეს მეთოდი ადამიანებს აიძულებს, რომ კიდევ ახალი კაპიტალდაბანდება განახორციელონ. თუმცა, იმის გათვლა როდის დასრულდება პროექტი თითქმის შეუძლებელია. მისივე თქმით, მოსალოდნელია ახალი მსგავსი პლატფორმების შექმნა, რომელიც კიდევ მოახდენს საზოგადოებაზე გავლენას.

| Print |