საზოგადოება
როდის შეძლებენ აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები სახლში დაბრუნებას?

თითქმის, ექვსთვიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, ახალციხეში, რუსთაველის 99-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.

ახალციხის მერი კორპუსის მაცხოვრებლებს ჰპირდება, რომ მშენებლობა დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება და ამის შემდეგ მეპატრონეები საკუთარ სახლებში შესვლას შეძლებენ. ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, შენობა სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა კიდევ ერთხელ შეისწავლეს და დამატებითი სამუშაოების ჩატარების რეკომენდაცია გასცეს.

თავდაპირველ ხელშეკრულებაში, კომპანიას გამაგრება-გაძლიერების და წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ცხრა კვირიანი ვადა ჰქონდა მიცემული, თუმცა გამაგრებით სამუშაოებს იმაზე ბევრად მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე მშენებელი კომპანია ვარაუდობდა. შპს "ნიუ პროჯექტმა" კორპუსის ჩაბარების ვადა ორჯერ გადაწია. კომპანიის დირექტორი ამას მუშაობის პროცესში გაუთვალისწინებელი სამუშაოების აღმოჩენით ხსნის.
ამის გარდა, ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, სამუშაოების ბიუჯეტი 11 ათას ლარზე მეტით გაიზარდა და საბოლოოდ, 126 441 ლარი შეადგინა.

კორპუსში აფეთქება 2020 წლის 24 დეკემბერს მოხდა. მას შემდეგ შენობა დაკეტილია, ბინების მეპატრონეების ნაწილი კი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.
| Print |