საზოგადოება
2021 წლის აგვისტოში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 714,000 ლარი შესწირეს - კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქართული პოლიტიკური პარტიების 2021 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. ამ წელს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა. მთავარი აქცენტი 17 პარტიაზე გაკეთდა, რომელიც 2021 წლის მდგომარეობით, ან სახელმწიფო დაფინანსებას იღებდა ან იმავე წელს მინიმუმ 100,000 ლარის შემოსავალი მოიზიდა. მმართველი პარტიის ფინანსები, როგორც ჯამურად მიღებული, ისე გაწეული ხარჯების შემოსავლები, დანარჩენი 16 პარტიისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა.

"ეს პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს, რაც ქართული პოლიტიკის ტრადიციულ პრობლემას წარმოადგენს" - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის შემომწირველმა იურიდიულმა პირებმა და ფიზიკურ პირ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2021 წელს ჯამში დაახლოებით 320 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და 19 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღეს. ამ კომპანიებმა და მათთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა შემომწირველებმა იგივე პერიოდში დაახლოებით 4.5 მლნ ლარი გაიღეს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ სამცხე-ჯავახეთიდან:

  • შპს „არალმა”, 2021 წელს 62 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა, დემეტრე თათეშვილმა კი მმართველი პარტიის ყულაბაში 50,000 ლარი შეიტანა. თათეშვილთან დაკავშირებულ კორუფციულ რისკებზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც საუბრობდა;
  • აღსანიშნავია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" და შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2", რომლებმაც წლის განმავლობაში ჯამში 23 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს, ამ კომპანიების მფლობელმა, ნუგზარ აბალაკმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა „ქართულ ოცნებას” ჯამში 45,000 ლარი შესწირეს.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფულის შეწირვა დაავალეს. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა.

"ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა წარმოადგენდეს გავრცელებული ინფორმაციის არაპირდაპირ მტკიცებულებას. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის” ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებთან საუბარში შემომწირველების ნაწილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, ზემოთ ნახსენები შეხვედრები და გარემოებები. განხორციელებული შემოწირულებების კანონიერება საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომლის ინფორმაციითაც, დარღვევა არ გამოვლენილა. მიუხედევად იმისა, რომ აშკარად გამოკვეთილი იყო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია", - ნათქვამია კვლევაში. 





| Print |