საზოგადოება
ვის შეუძლია ისარგებლოს დახმარების პროგრამით
ვის რა ოდენობის თანხით შეუძლია ისარგებლოს სოციალური დახმარების პროგრამით და რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება? სოციალური მომსახურების სააგენტოს მოქმედი მეთოდოლოგიით შესწავლილ ოჯახებზე საარსებო შემწეობის ოდენობები ასე გადანაწილდა:

როგორ ოჯახს შეუძლია ისარგებლოს


ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია:

120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 150 ლარის ოდენობის შემწეობას.

ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლის მომდევნო მეორე თვიდან.

ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას
სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში);
ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;
სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული.

ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს:

ოჯახის განცხადება;
ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;
თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას;
ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება ისეთ ოჯახში, რომლის სარეიტინგო ქულა მეტია 65 001 და ნაკლებია 120 001-ზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2015 წლიდან სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ბოლო ექვს წელიწადში სოციალური პაკეტის მიმღებთა რიცხვი თითქმის 100 ათასით არის გაზრდილი.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ბოლო წელს 100 000 ადამიანით გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და კიდევ უფრო მეტია რიგში... პანდემიამდე 27 000 სამუშაო ადგილია დაკარგული“.

ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულადი და სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შესაბამისი მეთოდოლოგიით ფასდება, რომლითაც ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრება. სარეიტინგო ქულის საფუძვლზე ფულადი დახმარების ოდენობა და სხვა შეღავათები დგინდება.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში, 2021 წლის მდგომარეობით, 1,020,375 მოქალაქე (333,292 ოჯახი) არის რეგისტრირებული. გასულ ერთ წელში სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობა 97,802 ათასით (27,703 ოჯახით) გაიზარდა.
| Print |