საზოგადოება
მართვის მოწმობის გამოცდის საფასურის შემცირების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელი თანხის შემცირების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. ავტორი მარიამ ხმიადაშვილია, რომელიც ფიქრობს, რომ თვეში ერთხელ გამოცდაზე გასასვლელად დაწესებული საფასური - 90 ლარი საქართველოს მოქალაქეებისთვის შეუსაბამოა. პეტიციის ავტორი კანონის გადახედვას ითხოვს.

"მეორე ეტაპზე გეგმიური გასვლა 90 ლარი, ხოლო არაგეგმიური 250 ლარი ღირს, რაც ვფიქრობ, ისეთი ღარიბი ქვეყნისათვის როგორიც საქართველოა, შეუსაბამოა. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გათვალისწინებით მოგიწოდებთ გადაიხედოს კანონი და შესაძლებლობის შემთხვევაში მინიმალურ თანხამდე დავიდეს მართვის მოწმობის მეორე ეტაპზე კანდიდატის გასვლა", - ვკითხულობთ პეტიციაში.

სულ საჭიროა 10 000 ხელმოწერა. ამ დროისთვის პეტიციას 2 392 ხელმომწერი ჰყავს.

პეტიცია შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3IJdUl9

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდა კანონი, რომლის საფუძველზეც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი გახდა. მეორე ეტაპი ავტომობილის ქალაქში - რეალურ პირობებში მართვას ითვალისწინებს.

| Print |