საზოგადოება
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა
მოქალაქე გიორგი ლაბაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის ის ნორმა, რომლითაც ყველა კაცი ვალდებულია იყოს სამხედრო აღრიცხვაზე. მოქალაქე 6 მაისის სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - ვასილ როინიშვილს, ევა გოცირიძეს, გოჩა თევდორაშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს უხსნიდა, რომ ამით კონსტიტუციით გათვალისწინებული თანასწორობის პრინციპი ირღვეოდა.

სასამართლომ მსგავსი შინაარსის სარჩელი განიხილა 2016 წელსაც და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

"კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო რეგულირება არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალებსა და მამაკაცებს, რადგან დასახელებული კატეგორიის მამაკაცები ვალდებული არიან, მოიხადონ სამხედრო სამსახური, ხოლო ქალები ასეთი ვალდებულებისგან გათავისუფლებული არიან. მოსარჩელის განმარტებით, შესადარებელი პირები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. ამასთან, დიფერენცირება ხორციელდება სქესის ნიშნით, შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობა შეფასებული უნდა იქნეს მკაცრი შეფასების ტესტის საფუძველზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა სადავო დიფერენცირებას. ამდენად, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი", - წერია საკონსტიტუციო სასმართლოს ვებგვერდზე გიორგი ლაბაძის მიერ წარდგენილი სარჩელის აღწერის ნაწილში.

საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა ამ სარჩელის მიღებაზე და განმარტა, რომ ხელმძღვანელობდა "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის 31-ე მესამე პრიმა მუხლით. ამ მუხლით, სასამართლოს უფლება აქვს უარი თქვას სარჩელის მიღებაზე, თუ "მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ".

სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო ამ სარჩელის მიღება, თუ დადგენილი პრაქტიკის შეცვლას გადაწყვეტდა. სწორედ ამას ითხოვდა გიორგი ლაბაძე და მიზეზს ასე ასაბუთებდა:

"საერთაშორისო დონეზე არსებული ვითარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის საფრთხეს ზრდის. შესაბამისად, აღნიშნული კონტექსტი სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს უკეთესი სახელმწიფო უშიშროების სისტემის ჩამოყალიბებაში, რომლის საფუძველზეც, სქესის ნიშნით საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო სამხედრო აღრიცხვაზე დაყენების ნაცვლად, უზრუნველყოფილი იქნება საყოველთაო გადამზადება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასამყარებლად".

გიორგი ლაბაძის საქმეზე გამოცემულ განჩინებაში საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს საკითხი უკვე განიხილეს 2016 წლის 30 სექტემბერს, გიორგი კეკენაძის სარჩელის საფუძველზე და ახლა ამ მოტივით საქმეს განსახილველად არ მიიღებდნენ.

"სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს კონსტიტუციით სახელმწიფო ხელისუფლებისათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება სამხედრო ვალდებულების ფორმის განსაზღვრის თაობაზე, რეალურად ემსახურება სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფას და მიზნად არ ისახავს სქესის ნიშნით პირთა დიფერენცირებას.

სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზება და ამ მიზნით ადამიანური რესურსების მობილიზება თუ წვრთნა, განეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა გამგებლობას და, ამასთან, მოითხოვს პროფესიულ სამხედრო ექსპერტიზას. შესაბამისად, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებისამებრ, სამხედრო აღრიცხვასა და შემდგომში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას (რაც გულისხმობს სპეციალურ სამხედრო წვრთნასა და საბრძოლო მოქმედებებისათვის მზადებას) დაუქვემდებაროს საზოგადოების ის ჯგუფი, რომელიც მეტად აკმაყოფილებს ამგვარი სამსახურისათვის დადგენილ სპეციალურ მოთხოვნებს და იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა, ასევე, რამდენი პროფესიული წვრთნის შესაძლებლობაც რეალურად არსებობს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად იქნეს მიღწეული ზემოთ ხსენებული ლეგიტიმური მიზნები",
- აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო 2016 წელს განხილულ საქმეში და ადგენს, რომ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულების მხოლოდ კაცებისთვის დაწესება არ არის თანასწორობის უფლების დარღვევა.

წყარო: რადიო თავისუფლება
| Print |