საზოგადოება
ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს - მიტროპოლიტი თეოდორე
საქართველოში გლოვის დღეა. 29 ივლისს გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩართული ვერტმფრენის ჩამოვარდნისას რვა პირი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვის შემდეგ დაღუპულთა ოჯახებს მიტროპოლიტმა თეოდორემ მიუსამძიმრა.

,,ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ჩემთვის ახლობელი ადამიანები იყვნენ. გრემში ხშირად მოდიოდნენ და იქიდან ვიცნობდი. მინდა თანაგრძნობა გამოვხატო იმ საშინელი ტრაგედიის მიმართ, რაც მოხდა და მივუსამძიმრო დაღუპულების ახლობლებს და შევთხოვო უფალს, რომ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მათ. შევთხოვ უფალს, რომ თითოეულ ჩვენგანს მოგვცეს ასეთი ძალა საკუთარი საქმის ერთგულებისა და თავგანწირვა საკუთარი საქმისადმი" - აღნიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენში, რომელმაც გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს, კატასტროფა განიცადა, 8 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 4 ეკიპაჟის წვერი იყო, 2 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი და 2 ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსი. ავიაკატასტროფის შედეგად ვერტმფრენი აფეთქდა და ყველა მათგანი გარდაიცვალა.

ასევე გარდაიცვალა უცხოელი ტურისტიც, რომელიც პარაპლანით ჩამოვარდა, ის პირი, ვინც პარაპლანს მართავდა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, ადიგენში 'შუამთობის' დღესასწაული აღარ გაიმართება.

| Print |