საზოგადოება
სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გარდაცვლილი გმირები
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში, რომელიც 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა, 8 ადამიანი იმყოფებოდა:

◾️ ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია;
◾️ ეკიპაჟის წევრები - დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი;
◾️ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი;
◾️ მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა.

ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. რვავე ადამიანი დაიღუპა. 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გუდაურში გუშინ, 29 ივლისს ჩამოვარდნილი პარაპლანისტის მდგომარეობა სტაბილურია. ის გუდაურის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. იმყოფება ქირურგიულ დეპარტამენტში. ამ ეტაპზე დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს", - ამბობს "ფორმულასთან" საუბრის დროს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი.

ამავე საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაშავებული ტვინის შერყევითა და წვივის ჭრილობით შეიყვანეს მათ დაწესებულებაში.

გუშინ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

| Print |