საზოგადოება
გვარამაძეები - სამეფო აზნაურები მესხეთიდან
გვარამაძე მესხეთში ერთ-ერთი გავრცელებული გვარია, რომელთა წინაპრებიც აზნაურების რიგებში ირიცხებოდნენ. გვარამაძეები ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები არიან.

გვარი სავარაუდოდ მომდინარეობს სახელიდან - გუარამ/გვარამ. ამ გვარის უძველესი წარმომადგენელი ვაჩე გუარამის ძეა (გვარამაძე), რომელიც XIII საუკუნეში კათოლიკოს-პატიარქის მიქაელ მეხუთეს წყალობის წიგნშია მოხსენიებული. პატრიარქი მას მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიის აზნაურად მოიხსენიებს და სარჩო-მამულად სოფელ ორომაშენს გადასცემს.

XVIII საუკუნეში გვარამაძეები ციციშვილების აზნაურებად ჩანან, რომლებმაც გვარამაძეების დაკნინება მოინდომეს. სამეფო კარმა გვარამაძეებზე ციციშვილების ბატონობა ძალადაკარგულად გამოაცხადა და გვარამაძეებს სახასო (სამეფო) აზნაურები უწოდა. გვარი რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნშია“ შეტანილი.

გვარამაძეების ცნობილი წარმომადგენელია ქართველი კათოლიკე სასულიერო პირი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ივანე გვარამაძე, რომელიც ქალაქ ვალეში 1831 წელს დაიბადა. იგი "ვინმე მესხის" ფსევდონიმით, რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს "ივერიაში," "დროებასა" და "სახალხო ფურცელში". დაახლოებული იყო ილია ჭავჭავაძესთან. მისი თაოსნობით მიმდინარეობდა განმანათლებლური მოღვაწეობა და მისიონერული ქადაგება გათურქებულ მესხებს შორის. ივანე გვარამაძის შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ახალციხეში, კერძოდ რაბათის უბანში.

გვარამაძეების კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელი იყო 1849 წელს დაბადებული თავაზ-ყადირ მამაც გული ოღლი გვარამაძე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიიდან. იგი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო. წლების განმავლობაში აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს ქართულ პრესაში, ახალციხის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა და მიმდინარე პროცესების შესახებ. 1919 წელს რედაქტორობდა გაზეთს „განახლებული მესხეთი“. აქტიურად ეწეოდა პროპაგანდას დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ და ამბოხებულ ბეგებს საჯაროდ კიცხავდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე, მოსახლეობას სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდებდა.

დღეისათვის გვარამაძეები, ძირითადად, ახალციხის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ.


ასევე ნახეთ: 


გამოყენებულია nobility.pro/ge-ს, nplg.gov.ge-სა და wikipedia.org-ის მასალები.
| Print |