საზოგადოება
ალიკა ზაზაშვილის მამამ მხედველობა მაშინ დაკარგა, როცა ფრონტიდან შვილის დაღუპვის შესახებ შეატყობინეს - ივერი ბალახაშვილი
2016 წლის 8 აგვისტოს მომიწია ჩემს მშობლიურ უდეში ყოფნა, ერთ-ერთი გამოკითხვის ფარგლებში. ერთი სახლის ხის ღობესთან ხისსავე სკამზე იჯდა ერთი მოხუცი კაცი. ტრადიციულად პირველი მე გამოველაპარაკე, აღმოჩნდა, რომ უსინათლო იყო, რა თქმა უნდა, ვკითხეთ მიზეზი თუ რა მოხდა და როგორ მოხდა, რატომღაც ჩვეულებრივი მიზეზის მოლოდინი გვქონდა...

აღმოჩნდა რომ იმ მომენტიდან დაკარგა მხედველობა, როცა კი დაურეკეს, რომ მისი შვილი ალექსანდრე (ალიკა) ზაზაშვილი გმირულად დაიღუპა აგვისტოს ომში. ამას დაემატა ის, რომ მეორე შვილისგან, გოგოსგან ჰყავდა ერთი შვილიშვილი ბიჭი - ბესიკი და სამწუხაროდ, ბესიკიც დაიჭრა ამ ომში, რომელიც ბიძის მხარდამხარ იბრძოდა.

ალბათ ამაზე უარესი რაღა უნდა გავაგრძელო, მაგრამ..

ომის შემდეგ დაჭრილი ბესიკ ნინიაშვილი, როგორც კი გამოკეთდა ისევ ჯარს დაუბრუნდა. ორჯერ წავიდა ავღანეთში და ეს მეორე წასვლა საბედისწერო აღმოჩნდამისთვის..

2011 წლის 30 დეკემბერს ისიც გმირულად დაიღუპა.

2009 წლიდან აგვისტოს ომში დაღუპული ალიკა ზაზაშვილის მეუღლეც ჯარშია. ფორმას ატარებს და მეუღლის საქმეს აგრძელებს..

თან ამ დროს ხომ რვა აგვისტო იყო, თვალები ამიცრემლიანდა და ვერცერთი ვერაფერს ვერ ვეუბნებოდით, არც ის ვიცოდი, რით შეიძლება მენუგეშებინა ის მოხუცი, მაგრამ ისევ თვითონ გააგძელა, რომ ბრძოლა საქართველოს მშენებლობაში არ იყო დამთავრებული და პირიქით, ახლა უფრო მეტი მონდომება იყო საჭირო. წარმატებები გვისურვა და მოტივაცია თვითონ მოგვცა ამ ადამიანმა.

ისეთი სიამაყით და რაღაც დიდებულებით წამოვედი იქიდან რომ არ ვიცი....

უბრალოდ რთულია ასეთი საქართველო არ გიყვარდეს
და არ გინდოდეს მისი ნაწილი იყო.

ხოდა როცა ბევრი დებილობა ხდება და გული მიცრუვდება ხოლმე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, მახსენდება ეს გმირი მამა და გმირი პაპა (ბაბუა) და ვხვდები რომ:

ბრძოლა ღირს და ბრძოლად ღირს!


დიდება გმირებს!
| Print |