საზოგადოება
ტექინსპექტირების გაუვლელობისთვის ჯარიმები იზრდება
ოთხი წელია, რაც საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექინსპექტირების რეფორმა ხორციელდება. ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის - „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისთვის“, აღმასრულებელი დირექტორის გიორგი შიოლაშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით მილიონ ნახევარი ავტომობილია რეგისტრირებული, 2021 წლის მონაცემებით კი, ტექინსპექტირება 732 000 ათასამდე ავტომობილს აქვს გავლილი.

"მილიონ ნახევრიდან შეიძლება ყველა არ გადაადგილდება გზებზე, მაგრამ პრობლემად რჩება ის, რომ გარკვეული რაოდენობის ავტომობილი გზებზე ტექინსპექტირების გარეშე მოძრაობს. ამასთან, ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ დაბალია ჯარიმის ოდენობა და ავტომფლობელს ხშირ შემთხვევაში ურჩევნია გადაიხადოს ჯარიმა, 50 ლარი იმის ნაცვლად, რომ ავტომობილი ტექინსპექტირებაზე გაატაროს", - აცხადებს შიოლაშვილი.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის მონაცემებით, ტექინსპექტირების გარეშე დაახლოებით 200 ათასი ავტომობილი გადაადგილდება.

"იმ კანონპროექტში, რომელიც პარლამენტშია შესული და შემოდგომაზე განიხილება, პირველადი დაჯარიმებისთვის 50 ლარი რჩება, თუმცა ყოველი შემდგომი დაჯარიმებისთვის თანხა იზრდება - ხდება 150 ლარი, შემდეგ 300 ლარი და ა.შ. შესაბამისად, ავტომფლობლისთვის ფინანსურად მომგებიანი აღარ იქნება, რომ გზებზე ჯარიმების გადახდით იმოძრაოს და ტექინსპექტირება არ გაიაროს" - მიაჩნია გიორგი შიოლაშვილს.
| Print |