საზოგადოება
ინასარიძე - ფეოდალური საგვარეულო მესხეთში
ინასარიძეები ფეოდალური ხანის წარჩინებულთა საგვარეულოს წარმოადგენენ მესხეთსა და რაჭაში. ის ეპონიმური ტიპის გვარ-სახელია. მის ფუძეში წინაპრის საკუთარი სახელია ფიქსირებული. ძველ საქართველოში გავრცელებული იყო კაცის სახელები ინასა და ინასარ.

ქართულ საისტორიო წყაროებში ინასარიძეთა გვარი XIII საუკუნიდან გვხვდება. XIII საუკუნის ლაბეჭინის მონასტრისადმი შეწირულობის წიგნში იხსენიება "ინასარიძისეული გლეხი ბერმუჯისძე გაბრიელი". ინასარიძე XIII საუკუნეში ყმის მფლობელი ყოფილა და სავარაუდოდ ლეჩხუმში ცხოვრობდა.

შემდეგი წერილობითი წყარო, რომელშიც გვარი ინასარიძე იხსენიება, XIV საუკუნის ქართული სამართლის ძეგლი "ხელმწიფის კარის გარიგებაა", სადაც მეფის მოხელეთა შორის გვხვდება "საწოლის მწიგნობარი ინასარიძე". მის წარმოშობაზე ცნობები არ მოიპოვება.

XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე შედგენილი სვანური სამართლის ძეგლი "სასარჩელოს მიღების დაწერილი" აზნაურ ივანე სეტიელისადმი, იხსენიება მოურავი ინასარიანი ფურთუხუ. შესაძლებელნია იმ ვარაუდის დაშვება, რომ XIII საუკუნეში ლეჩხუმში მცხოვრები ინასარიძეები და XIV-XV საუკუნეებში სვანეთში მცხოვრები ინასარიანები ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იყვნენ. ლეჩხუმი სავსეა სვანეთიდან ჩამოსახლებული გვარებით.

1463-1478 წლების იმერეთის მეფის ბაგრატ II-ის მთის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი ბოძებულ შეწირულობის წიგნში ინასარიძეები ყმათა მფლობელებად ჩანან.

XVII საუკუნე ინასარიძეთა გვარის აღზევების ხანაა. 1651 წლის ალექსანდრე იმერთა მეფის ერთ ფიცის წიგნში მეფის უახლოეს ერთ-ერთ თანამებრძოლად ინასარიძე ქაიხოსროა დასახელებული.

XVII საუკუნის II ნახევარში ლეჩხუმში ინასარიძეთა ყმა-მამულის მატებასთან ერთად იქმნება ინასარიძეთა სათავადო - "საინასარიძო". საბუთების მიხედვით, "საინასარიძო" მოიცავდა ყმა-მამულს ლეჩხუმის შემდეგ სოფლებში: ზოგიშში, ჭაულეთში, საჩხოურში, წუგნაში და სხვაგან. ხალხური გადმოცემით, ინაარიძეებს ეკუთვნოდათ რიონის ხეობის სოფლები ასკის წყლიდან იმერეთ-ლეჩხუმის საზღვრამდე.

ინასარიძეების გვარი დოკუმენტურად დასტურდება ზემო ქართლშიც. XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში იხსენიებიან სოფელ ქინძათში მცხოვრები მესეფე გლეხები: დათუნა, ძულია, ბერიკა და გიორგი ინასარიძეები.

ამ გვარის ერთი ძველი ბუდე ჩანს სამცხე-ჯავახეთში. რაიმე წერილობითი წყარო ან ზეპირი გადმოცემა მესხ ინასარიძეთა ნათესაობის შესახებ ლეჩხუმ-იმერეთის ან ქართლის ინასარიძეებთან არ მოიძებნება.

ინასარიძეებს უცხოვრიათ კახეთშიც. 1801-1802 წლების კახეთის მოსახლეობის აღწერის მასალებში იხსენიებიან კახეთის გაღმამხარის სოფელ შაქრიანში მცხოვრები სახასო გლეხები ბერო და ივანე ინასარიძეები.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ინასარიძეთა გვარის მეომრები, გლეხები - კომლზე კაცად, თავადნი და აზნაურნი კი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, ხოლო "შემდგომად განყოფისა" - ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

ამჟამად ინასარიძეები ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში, მცირე რაოდენობით - ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ახალციხის, ასპინძის, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.

საქართველოში ინასარიძეთა საერთო რიცხვი 2300-ს აჭარბებს. 2008 წლის მონაცემებით, ახალციხეში 714 ინასარიძე ცხოვრობდა, ხოლო ასპინძაში - 166.

გამოყენებულია Vikipedia"-სა და karibche.ambebi.ge-ს მასალები

| Print |