საზოგადოება
საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, წელს, საქართველოში, ლეღვის ნახარშით დამწვრობის ორი შემთხვევა, თბილისსა და ქუთაისში დაფიქსირდა.

„დამწვრობის ცენტრში, ლეღვის ნახარშით დამწვრობის გამო 14 წლის გოგონა მკურნალობდა. მესამე ხარისხის დაზიანება ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ლეღვის ნახარშით დამწვრობის შემთხვევები იკლებს, თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მსგავსი ფაქტები მაინც ფიქსირდება“, -აღნიშნავს ქაშიბაძე.

ლეღვის ფოთოლი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ფურანოკუმარინი ეწოდება. ამ ნივთიერებით მდიდარია ლეღვის ფოთოლი და ზოგიერთი სხვა მცენარეც. ბიოლოგიურად ეს ნივთიერებები გამომუშავდება მცენარეებში, როგორც თავდაცვის მექანიზმი. მცენარეები იცავენ თავს უცხოებისგან, მათ შორის ადამიანებისგან. თავად ამ ნივთიერებას მთელი რიგი ტოქსიკური ეფექტები აქვს. ულტრაიისფერ სხივებთან მოქმედების შედეგად კი დამწვრობის ეფექტს იწვევს.

ლეღვით დამწვრობა იწვევს ქიმიურ რეაქციას კანზე, ხოლო ჩვეულებრვი დამწვრობა არის თერმული დაზიანება, ტემპერატურის შედეგად მიღებული. ორივე დამწვრობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს, მაგრამ ლეღვის ნახარშით დამწვრობა მიმდინარეობით განსხვავდება და ითვლება მძიმედ.

"ინტერპრსნიუსი"
| Print |