საზოგადოება
ვალე-თბილისის მიმართულებით სამხედრო ტექნიკით დატვირთული სატვირთოები გადაადგილდება
ვალე-ახალციხე-ხაშური-თბილისი-ვაზიანის მიმართულებით, სამხედრო ტექნიკით დატვირთული ტრაილერების კონვოი გადაადგილდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქტივობა მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი 2022"-ს უკავშირდება.

უწყების ცნობით, სწავლებაში მონაწილეობის მიზნით სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის საბოლოო ადგილად ვაზიანის სამხედრო ბაზა და ვაზიანის პოლიგონია განსაზღვრული. საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას კონვოის ესკორტირებას სამხედრო პოლიციის ეკიპაჟი უზრუნველყოფს.

ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული ტრაილერები საქართველოში გერმანიიდან ხუთი ქვეყნის - ავსტრიის, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით შემოდის.

მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "ღირსეული პარტნიორი 2022" საქართველო უკვე მეექვსედ უმასპინძლებს. საერთაშორისო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
| Print |