საზოგადოება
რა გახდა ბორჯომის ტყეში ხანძრის გაჩენის მიზეზი? - სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებები
19 აგვისტოს ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ამ დომდე გრძელდება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე სოციალურ ქსელში უკვე ვრცელდება სავარაუდო ვერსიები. ივერი ბალახაშვილი მაშველებზე დაყრდნობით წერს:

"თითქმის ლოკალიზებული გვქონდა უკვე ხანძარი, 5 საათის განმავლობაში ვთხრიდით თხრილებს, და ამ დროს არ აამუშავეს ვერტმფრენები, 60 მეტრიღა გვქონდა დარჩენილი რა დროსაც ქარი ამოვარდა და იქამდე ნამუშევარი წყალში ჩაყარა. წაიღო ცეცხლი, გაჩნდა ახალი კერები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართეს 3-ვე ვერტმფრენი საქმეში (იქამდე მხოლოდ ერთი მუშაობდა სავარაუდოდ)შესაბამისად გადაწყვეტილების მიმღები პირის დაგვიანებულ რეაქციას ვიმკით ახლა" - ამბობენ მაშველები.

რაც შეეხება ცეცხლის გაჩენის ვარაუდებს, მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ ხანძარი მოქალაქეების დაუდევრობამ გამოიწვია.

,,კვამლის გაჩენამდე ჯერ ისმოდა სროლების ხმა, ვიღაცები ნადირობდნენ ამ არემარეში და ამის შემდგომ კი უკვე გამოჩნდა ბოლი. მოქალაქეებმა ინადირეს, მწვადი შეწვეს და ჩვენი ტყე დაწვეს" - წერს ბალახაშვილი.

"ჩემი მესხეთი იწვის! წითელი მზე აქ არასოდეს მინახავს! ყოჩაღ !-ეგრე, დაწვით, გაანადგურეთ,მოსპეთ,არაფერი აღარ დაუტოვოთ მომავალ თაობას! ღორებო!- მხოლოდ საკუთარი სტომაქების ამოვსებაზე და სიამოვნებაზე მოფიქრალნო, მეზიზღებით, ვინც დედაბუნებას ასე დაუდევრად და უდიერად ექცევით. ასეთი სასტიკი, გულმოსული და გაბრაზებული არასოდეს ვყოფილვარ! წყეულიმც იყავით, ვინც ასანთს თუ თოფს გამოკარით ხელი,ფლორა და ფაუნა ააწიოკეთ და განადგურების პირზე მიიყვანეთ!" - წერს ფეისბუქზე ციური ასპანიძე-მესხიშვილი.

ბოლო ცნობებით, ამ დროისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.
| Print |