საზოგადოება
ვინ გახდებიან კომპანია „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს წევრობის კანდიდატები?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს მიერ შერჩეული კანდიდატების ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამინისტრომ კანდიდატების შესარჩევად საკმაოდ სერიოზული და მნიშვნელოვანი შერჩევის პროცესი ჩაატარა.

„შევარჩიეთ კანდიდატურები, ეს ადამიანები არიან გამოცდილი, კომპეტენტური, კვალიფიციური კადრები იმისთვის, რომ ის სამუშაო, რაც მათ აკისრიათ, სწორად და სათანადოდ შეასრულონ. ჩვენ ეს კანდიდატები წარდგენილი გვყავს და როგორც კი რეგისტრაციის პროცესი დასრულდება, ამაზე უფრო მეტ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო გაავრცელებს. ამ დღეებში ალბათ უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ მიდის იურიდიული პროცესი. იგივე იყო, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით სახელმწიფოს მხრიდან რაღაც წილის მიღებაზე, სახელმწიფოს მხრიდან შეთანხმებაზე „ბორჯომთან“ და ა.შ. ეს არის იურიდიული პროცესი, რომელიც მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობასთან და იურიდიულ სივრცესთან არ არის დაკავშირებული. იცით, რომ საერთაშორისო კომპანიაა „ბორჯომის“ მფლობელი, მშობელი კომპანია და შესაბამისად, ის რეგისტრირებულია სხვა იურისდიქციაში და ამიტომ მე ვერ გეუბნებით როდის დასრულდება ის ლეგალური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ მიმდინარე პროცესი და ვიყოთ კორექტულები, მათ შორის, იურიდიულად კორექტულები, ჩვენ ინფორმაციას მოგაწვდით, არაფერი აქ დასამალი არა რის. ჩვენ ჩავატარეთ საკმაოდ სერიოზული, მნიშვნელოვანი შერჩევის პროცესი იმისთვის, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და როგორც კი ეს იქნება დასრულებული, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მივაწვდით, მათ შორის, ის ადამიანები, ვინც წარმოდგენილი იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან „ბორჯომის“ დირექტორატში თვითონ შეძლებენ კომუნიკაციას როგორც ჟურნალისტებთან, ისე საზოგადოებასთან“, - განაცხადა მინისტრმა.
| Print |