საზოგადოება
ცეცხლი 150 ჰა ფართობზეა გავრცელებული - ვიცე პრემიერი
ხანძარი დაახლოებით 150 ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა „ცეცხლის მოსახლეობამდე მიღწევის რისკი არ არსებობს“ - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, დღეს, მთავრობის სხდომის ფორმატში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარზეც იმსჯელეს. მისივე თქმით, სამი უწყების პირველი პირი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავლენ და ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს.

„არსებული ინფორმაციით, დღეს, გარკვეულწილად, ხანძრის ლოკალიზება ხდება. შესაბამისად, თუ ქარი არ მოიმატებს და ამინდი საშუალებას მოგვცემს, პრინციპში, ერთი ან ორი დღის ფარგლებში, ხანძრის კერები სრულად უნდა ჩაქრეს. ეს ძალიან რთული პროცესია. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ამინდი იქნება. თუ ქარი ავიაციას [მუშაობის] საშუალებას მისცემს, უფრო ადვილად შეიძლება ხანძრის ლოკალიზება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულები არიან ვერტმფრენები, მეხანძრე - მაშველები, სამხედროები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.

ხანძრის ლოკალიზება რთული რელიეფისა და ქარის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება.

უკვე მეოთხე დღეა ბორჯომში ტყე იწვის. ხანძარი თავდაპირველად სოფელ ზორეთის მიდებარედ გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზების მიუხედავად მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდირება ვერ მოახერხეს. მესამე დღეს ახალი კერები გაჩნდა და ცეცხლი სოფელ დგვარის მიმდებარე ტყეს მოედო.
| Print |