საზოგადოება
ბორჯომის ტყეში ამჟამად სამი ღია კერა გვაქვს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის გავრცელების ზოგიერთ სექტორში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და პოზიციის შენარჩუნება მიმდინარეობს.

"ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ტერიტორია პირობითად სამ სექტორად გვაქვს დაყოფილი. ზოგიერთ სექტორში სალიკვიდაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და პოზიციის შენარჩუნება მიმდინარეობს, თუმცა გვაქვს ცხელი წერტილები", - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ბორჯომის ტყეში ამჟამად სამი ღია კერაა, სადაც მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მღებრიშვილი ამბობს, რომ არის ძველი კერები, რომლის ლიკვიდაციაც შეძლეს, თუმცა, მაღალი ტემპერატურის და ქარის გამო ახალი ცხელი კერებიც გაჩნდა. 

"სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ათასზე მეტი ადამიანი, ეს არის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები და ასე ერთობლივად ვუმკლავდებით", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ხანძრის ქრობის ღონისძიებებში 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი მონაწილეობს. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.

ბორჯომის ტყე უკვე მეხუთე დღეა იწვის.
| Print |