საზოგადოება
ბორჯომში ხანძრის კერების უმეტესობა ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია - თემურ მღებრიშვილი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა, ამ მომენტისთვის, ლიკვიდირებულია. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს.

შსს-ს ინფორმაციით, დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება.

"ტარდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყე უკვე მეშვიდე დღეა იწვის. ორი დღეა ხანძარმა ახალციხის სოფლებამდეც მოაღწია.
| Print |