საზოგადოება
არის თუ არა საფრთხეში, ხანძრის გამო, ბორჯომის ტყეში მდებარე კვირიკეწმინდის ეკლესია?
ბორჯომის ტყეში, სოფელ ქვაბისხევის პირდაპირ მტკვრის მარჯვენა მხარეს, სოფელ დვირიდან ჩრდილო-დასავლეთით, მე-9 საუკუნის ნახევრად დანგრეული კვირიკეწმინდას ეკლესია მდებარეობს. ბორჯომის ტყეში ხანძრის გაჩენის შემდეგ, მოსახლეობა შიშობს, რომ ცეცხლი ტყესთან ერთად ისტორიულ ძეგლსაც გაანადგურებს.

დვირის თემის რწმუნებულის გურამ მაისურაძის ინფორმაციით, ტაძარი ხანძარს არ დაუზიანებია. მისი თქმით, გასულ დღეებში ცეცხლი სალოცავის მიმდებარედ იყო გავრცელებული, დაახლოებით 200-300 მეტრის მოშორებით, თუმცა ეკლესიამდე ვერ მიაღწია. მაისურაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები სისტემატურად მუშაობენ იმისათვის, რომ ცეცხლის გავრცელება ეკლესიამდე და დასახლებულ პუნქტამდე არ მოხდეს.

გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით, კვირიკეწმინდა ხანძთელის მოწაფემ, ქრისტეფორემ ააგო.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი ბორჯომის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. მეშვიდე დღეა ხანძრის ლიკვიდირებას უშედეგოდ ცდილობენ. 

ტელეკომპანია "ბორჯომი"
| Print |