საზოგადოება
რა ვითარებაა ბორჯომში ხანძრიდან მე-12 დღეს?

ხანძრის ორი ახალი კერის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ სოფელ ქვაბისხევის მიმდებარედ. ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან წყლის მილების გაჭიმვით დაიწყეს. ხანძარი მეცხრე საუკუნის, წმ. კვირიკეს სახელობის ეკლესიიდან დაახლოებით 50 მეტრშია.

ამ დროისათვის, ცეცხლის ძირითადი ნაწილი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს მცირე კერებზე მუშაობა. ტყის მასივის გარდა, დაიწვა ადგილობრივების სათიბები, საძოვრები, თუმცა დასახლებულ პუნქტებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს.

ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჯერ კიდევ ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, რეინჯერები, ადგილობრივი მოსახლეობა - სულ ხეობაში 1 200-მდე პირია მობილიზებული. ხანძრის გაჩენიდან მე-12 დღეს ადგილზე რჩებიან ვერტმფრენები და ცოცხალი ძალა.


რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა და ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა 150 ჰექტარ დამწვარ ტყეზე - შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ხანძრის შედეგად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.
| Print |