საზოგადოება
ფილმების ყურება ფასიანი ხდება - სად და როგორ ვუყუროთ უფასოდ?
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კინო საიტებზე ფილმების ყურება ფასიანი ხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანომ 2020 წელს მიიღო, თუმცა, პანდემიის გამო აღსრულება ერთი წლით გადადეს.

2021 წელის 21 აპრილს კინო საიტების მფლობელებთან გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვიდან, ყველა საიტი ვალდებულია მოიპოვოს ლიცენზია საიტზე განთავსებული ფილმებისთვის ან ყველა ულიცენზიო კინო მოხსნან ჩვენებიდან.

"კომუნიკაციების კომისია ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობს. კერძოდ, ვებგვერდებთან, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, კომისია ორ წელზე მეტია ინტენსიურად მუშაობს. კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ.

კომუნიკაციების კომისიას, საქპატენტსა და ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ასოციაციას Motion Picture Association of America-მ მიმართა, რომელიც "დისნეის", "ვორნერ ბრაზერს", "უნივერსალ ფიქჩერს", "სონის", "პარამაუნტ ფიქჩერს" და "ნეტფლიქსს" აერთიანებს, და საქართველოს ინტერნეტმეკობრეობის გამო გაფრთხილება მისცა. მაშინ ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საქართველოში არსებულ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქვეყანას სანქციების შესახებ აფრთხილებდნენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებით ან, რიგ შემთხვევაში, მათი სრულიად გაუქმებით იქნებოდა გამოხატული. კინოსტუდიები იმედს გამოთქვამდნენ, რომ კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, ინტერნეტსივრცე მალე გათავისუფლდებოდა არალეგალური, არაკანონიერი ფილმებისა და სერიალებისგან."
- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომისიის წარმომადგენლების თქმით, მათთვის მოსალოდნელია რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა, მიღებული გადაწყვეტილება ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

რაც შეეხება ფილმების ღირებულებას ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორი სატარიფო სქემა იქნება დაწესებული.
| Print |