საზოგადოება
ტერიტორია, სადაც ხანძრის ახალი კერებია, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის

ტერიტორია, სადაც ხანძრის ახალი კერები გაჩნდა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი დაახლოებით 14:00 საათზე შენიშნეს და საგანგებო სიტუაციების მართვს სამსახურში დარეკეს. მათივე თქმით, მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება მალევე მოახდინეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა ხანძარმა მოსახლეობამდე მიაღწიოს.

ხანძრის ქრობის პროცესში კიდევ ორი ვერტმფრენი ჩაერთო. ჯამში ამ ეტაპზე სამი ვერტმფრენი მუშაობს. პარალელურად ცეცხლს აქრობენ თავდაცვის ძალები, მეხანძრე-მაშველები, დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ხანძრის გამომწვევ ზუსტ მიზეზებზე საუბარი ამ ეტაპზე უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ რომ ხანძარი მოქალაქეების დაუდევრობით გაჩნდა. სააგენტოს პრესსპიკერის, ნიკო თევდორაშვილის თქმით, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი დაახლოებით 4 საათის წინ გაჩნდა, მოსახლეობის ინფორმაციით კი ქრობის პროცესი ხანძრის გაჩენიდან ნახევარ საათში დაიწყო.

სალიკვიდაციო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს.
| Print |