საზოგადოება
ბორჯომში, ხანძრის კერა სრულად ლოკალიზებულია - რა ფართობი დაიწვა ლიკანში?
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ლიკვიდაცია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელდა დაახლოებით 5 ათასი კვ.მ. ტყის ფართობზე.

ხანძრის ქრობის ორდღიანი სამუშაოების შემდეგ, ლიკანში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულად გამოცხადდა. ცეცხლი დაახლოებით, ხუთ ჰექტარზე იყო გავრცელებული. კურორტზე წიწვოვანი ტყე ორი დღე იწვოდა. ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი აფერხებდა. სახანძრო ტექნიკა ცეცხლის კერებამდე მისვლას ვერ ახერხებდა. ამის გამო, კერებამდე წყალი მილებით მიიყვანეს. პარალელურად, მძიმე ტექნიკას გზა გაჰყავდა. ტყეში ცეცხლი ადგილობრივებმა 1-ელ სექტემბერს შენიშნეს.

ხანძრის ქრობის პროცესში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მობილიზებული მეხანძრე-მაშველები, რეინჯერები, ადგილობრივები, თავდაცვის სამინისტროს ძალები და ავიაცია ჩაერთო - ჯამში 500 კაციანი შემადგენლობა. ბოლო ორ კვირაში, ბორჯომის ხეობაში ხანძარი მეორედ გაჩნდა.
მანამდე, 19 აგვისტოს ადგილობრივებმა ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის ტერიტორიაზე შენიშნეს. დამწვარია მინიმუმ, 150 ჰექტარი ტერიტორია. ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა სრული ლიკვიდირება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. 

| Print |