საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ფრინველებზე დაკვირვების მიზნით გიდები გადამზადდნენ
საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და სამცხე-ჯავახეთის ადგილის მართვის ორგანიზაციის ხელშეწყობით, მიმდინარეობს პროექტი "ფრინველებზე დაკვირვების გიდების მოსამზადებელი კურსი".

პროექტი სამცხე-ჯავახეთში განხორციელდა. მის მიზანს წარმოადგენს რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების გიდების მომზადება/გადამზადებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტურიზმის აღნიშნული მიმართულების შესახებ.

ტრენინგი 10 სასწავლო დღეს მოიცავდა და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილად იყოფოდა. თეორიული ნაწილი 24-28 ივნისს, ონლაინ ფორმატში ჩატარდა, ხოლო პრაქტიკული ნაწილი 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე მიდინარეობდა.

მონაწილეების თქმით, ისინი ფრინველებზე დაკვირვებისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს გაეცნენ, მიიღეს ინფორმაცია მათზე დაკვირვების ტექნიკური საშუალებების შესახებ და ისწავლეს მათი სწორად გამოყენება. ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეებმა კარწახის, ტაბაწყურის, მადათაფას, ბუღდაშენის და ხანჩალის ტბები მოინახულეს.ტრენინგს ორნითოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურა ჯავახიშვილი, ეკო ტურს ჯორჯიას დამფუძნებელი გიორგი რაჯებაშვილი და ტურიზმის კონსულტანტი ნატალია ბახტაძე-ენგლენდერი გაუძღვნენ.

პროექტის მონაწილეები სერტიფიკატებს მიიღებენ, რის შემდეგაც ისინი გიდად მუშაობას ამ მიმართულებითაც შეძლებენ.
| Print |