საზოგადოება
ახალციხეში აფეთქებული კორპუსის წყლის სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
ახალციხეში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებული კორპუსის წყლის სისტემის მოსაწყობად ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. რუსთაველის ქუჩის N99-ის მაცხოვრებლები საკუთარ ბინებს მხოლოდ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ დაუბრუნდებიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 29 აგვისტოს 7 674 ლარზე გამოაცხადა. წინადადებების მიღება დღეს 6 სექტემბერს დაიწყო და 9 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი კვირის ვადაში უნდა შესრულდეს. მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში წყლის სისტემის მოსაწყობად საჭირო თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

მერიის დაკვეთით, შენობის გაწმენდა და გამაგრება-გაძლიერება უკვე მოხდა. კომპანია "ნიუ პროჯექტმა" ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შეტანილი ცვლილების გამო, სამუშაოები დაგვიანებით, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაასრულა. კომპანიაში ამას მუშაობის პროცესში გაუთვალისწინებელი სამუშაოების აღმოჩენით ხსნიან.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის ქუჩის N99-ის მაცხოვრებლებს შენობის დაცლა მას შემდეგ მოუწიათ, რაც გაზის გაჟონვის შედეგად კორპუსის სარდაფი და პირველ სართულზე მდებარე რესტორანი აფეთქდა. აფეთქებამ საცხოვრებელი მნიშვნელოვნად დააზიანა. 2020 წლის 24 დეკემბრის შემდეგ შენობა დაკეტილია, ბინების მეპატრონეების ნაწილი კი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.
| Print |