საზოგადოება
მადათაფის ტბა შრება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე მადათაფას ტბა შრება.

ტბის დაშრობის მიზეზად სოფელ სამების მოსახლეობა ამინდს ასახელებს, რადგან ზაფხული გვალვიანი იყო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტბაში წყლის დონე ყოველწლიურად იკლებს.

რამდენიმე წელია, მადათაფას ტბაზე კაშხლის აშენება იგეგმება, რათა წყლის დონე იგივე დონეზე შენარჩუნდეს, მაგრამ ჯერჯერობით აქ არაფერი გაკეთებულა. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით კაშხლის მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სააგენტომ კაშხლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. მკაცრი კლიმატური პირობების გამო, სამუშაოები სპეციფიკურ ხასიათს ატარებს, ასევე შეზღუდულია მშენებლობისთვის გამოყოფილი დრო. ამ ეტაპზე სააგენტომ შეიმუშავა საჭირო ტექნიკური ინსტრუქციები და მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები. დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“,
– აცხადებენ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მადათაფას ტბა ჯავახეთის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე მდებარეობს. სხვა ტბებისგან ფრინველთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ 180 სახეობის ფრინველია, იმდენივეა, რაც ჯავახეთის ეროვნული პარკის მთელ ტერიტორიაზე.

ტბის მაქსიმალური სიღრმე 1.10 მ-ია, სანაპირო ზოლში – 40 სმ.

მადათაფა მიწისქვეშა წყლებით, წვიმისა და ნადნობი წყლით საზრდოობს. 

წყარო: JNEWS.GE

ფოტო:
JNEWS.GE
| Print |