საზოგადოება
ახალციხეში დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ
დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას, სახელწოდებით „დავასუფთავოთ მსოფლიო“, ახალციხის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

დასუფთავების აქციაში სამხარეო ადმინისტრაციის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ჩაერთნენ.

აქციის მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან რეკრეაციული ზონები, ცენტრალური საავტომობილო გზისპირები, ქალაქის ქუჩები და მისი შემოგარენი გაწმინდეს.

აქცია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციაა, რომელიც ყოველი წლის სექტემბერში მთელ მსოფლიოში იმართება. იგი 1993 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და 130-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე, ხელისუფლებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ერთვებიან. საერთაშორისო კამპანიას საქართველო 2010 წლიდან შეუერთდა.

აღნიშნული აქცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ („Keep Georgia Tidy”) ფარგლებში ეწყობა.

2022 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია - „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.
| Print |