საზოგადოება
დიასამიძეეები - მესხი თავადები და ლეგენდა გვარის წარმოშობაზე
1403 წელს თემურ-ლენგი საქართველოში მერვედ შემოიჭრა და სამცხე ააოხრა, თუმცა გიორგი VII ვერ შეიპყრო და საბოლოოდ ზავს დათანხმდა. როცა თემურ ლენგმა საქართველო დატოვა, მეფე გიორგი მეშვიდემ ბრძოლებში გამოჩენილი ქართველები ჯეროვნად დააჯილდოვა, მათ შორის იყო მესხი წარჩინებული ვინმე ბაადურიც.

ლეგენდის თანახმად, გიორგიმ მეშვიდემ ბაადური ლორეს ციხეში ჩაიყვანა. მეფემ ხალხს მისი ვაჟკაცობის შესახებ უამბო და ბოლოს ჯავახურ დიალექტზე დასძინა „დია სამანი და დია მთავარი“. ამგვარად ბაადურს ლორეზე გამავალი სასაზღვრო გზების დაცვა დაევალა. ლეგენდა გვაუწყებს, რომ დიასამიძეები სწორედ ამ ბაადურის შთამომავლები არიან.

XV-XVI საუკუნეებში მთელს საქართველოში დიდ თანამდებობებზე მყოფი აზნაურები მათზე სუსტ აზნაურებს გამოეყვნენ და თავადთა ფენა ჩამოაყალიბეს. ამ პერიოდში დიასამიძეები ქართლში და მესხეთში თავადებად ჩანან. მოგვიანებით მათ აჭარაში ბეგებადაც ვხედავთ. სწორედ ბეგ დიასამიძეთა შტოს განეკუთვნებოდა აჭარის განთავისუფლებისათვის მებრძოლი მევლუდ დიასამიძე.

XV ს. I ნახევარში 1548 წელს დიასამიძეებისა და სხვა მესხი დიდებულების დახმარებით ლუარსაბ I–მა ჯავახეთი და მდ. მტკვრის აღმოსავლეთი მხარე დაიპყრო. საპასუხოდ ირანის შაჰმა თამაზ I–მა 1553 წელს დიასამიძეები აიკლო და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა.
1576–78 წწ. ამ გვარის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯაყელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში.

დიასამიძეები ყოველთვის იბრძოდნენ ერთიანი საქართველოსთვის, თურქებთან მუდმივი დაპირისპირების გამო მათი ერთი შტო იძულებული გახლდა ქართლში გადმოსულიყო. სწორედ ქართლელ დიასამიძეთა შტოს განეკუთვნებოდნენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები: იოანე X, წმინდა ევდემოზ პირველი და ევდემოზ მეორე.

XVII საუკუნის 30–იან წლებში დიასამიძეებმა მონაწილეობა მიიღეს როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რასაც მათი დასჯა და სათავადო სახლის დამდაბლება მოჰყვა.

საქართველოში დიასამიძეთა რაოდენობა 9700-ს აღემატება. ამ გვარის წარმომადგენლები დღეისათვის უმეტესად მესხეთში, აჭარასა და ქართლში ცხოვრობენ.


წყარო: nobility.pro, vikipedia
| Print |