საზოგადოება
ბორჯომში საპატიო ბორჯომელები დაასახელეს
ბორჯომობის დღესასწაულზე ტრადიციულად მოხდა საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. წელს ბორჯომს სამი საპატიო მოქალაქე ჰყავს. ბორჯომელი მსახიობი პალიკო ნოზაძე, ახალგაზრდული ცენტრისა და „ბორჯომის ბავშვთა ფედერაციის“ ხელმძღვანელი ქეთევან ნოზაძე და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ამირან გოგოლაძე.

საპატიო მოქალაქეებს ტიტულის დამადასტურებელი დიპლომი, მედალი და 1000 ლარიანი ვაუჩერი მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ გადასცეს.
პალიკო ნოზაძე საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატია. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მოღვაწეობდა: ბორჯომის სახალხო თეატრში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მესხეთის თეატრში, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში. 2003 წელს მერაბ მიშველაძესთან ერთად დააარსა ქართული ნოველების მონო-თეატრი. 2020 წელს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ, პალიკო ნოზაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

ამირან გოგოლაძე დაიბადა ბორჯომში,1953 წლის 26 ოქტომბერს. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ტექნიკუმი. 2011 წლიდან დღემდე მუშაობს ა(ა)იპი ,,ბორჯომის დასუფთავების და კეთიმოწყობის" სამსახურში მეეზოვედ და უკვე 10 წელიწადზე მეტია ემსახურება მშობლიურ ქალაქს.

ქეთევან ნოზაძე დაიბადა ბორჯომში, 1963 წლის 13 ივლისს. 1986 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 2004 წელს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. წლების მანძილზე მუშაობდა მრავალ ორგანიზაციაში და ჩართული იყო მრავალ პროგრამაში, მათ შორის, ბავშვთა ფსიქო-ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამების კოორდინატორი გალისა და სამაჩაბლოს კონფლიქტური ზონის ბავშვებისათვის.

წლევანდელი „ბორჯომობის“ მთავარი მესიჯია #ჩაიფიქრესურვილი ,,ნატვრის ხესთან". ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას "ბორჯომობა 2022"-ის გამართვა 84 000 ლარზე მეტი უჯდება.
| Print |