საზოგადოება
18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღეა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა, წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

წყლის მონიტორინგის მსოფლიო დღე 2003 წელს დაარსდა ამერიკის სუფთა წყლის ფონდის (ACWF) მიერ და მას შემდეგ ყოველ წლიურად აღინიშნება. ეს დღე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვაში.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა წყლის ხარისხის მონიტორინგის  გაუმჯობესების მიმართულებით. გაფართოვდა მონიტორინგის ქსელი და გაიზარდა განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.

წყალმოხმარების თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობა საქართველოში წყლის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. ამ სექტორში წყლის უდიდესი რაოდენობა სარწყავი მიზნებისათვის გამოიყენება.

მტკნარი წყლის რესურსები საქართველოს ერთ-ერთ ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს, რასაც ტერიტორიის მთიანი რელიეფი, უხვი ატმოსფერული ნალექები, განსაკუთრებით შავი ზღვის აუზში, განაპირობებს იმას, რომ მის ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ფორმირებული მტკნარი წყლის ფენის საშუალო სიმაღლით საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოს წყალუხვ ქვეყნებს შორის, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან იგი მხოლოდ ნორვეგიას, შვეიცარიას და ავსტრიას ჩამორჩება.

საქართველო პატარა ტბების ქვეყანაა. აქ სულ დაახლოებით 856 ტბაა. ტბების ნახევარზე მეტის ფართობი 0,1 კმ²-ზე ნაკლებია, ამის გამო, საქართველოს ტბების ჯამური ფართობი მხოლოდ დაახლოებით 170 კმ²-ს შეადგენს, რაც ქვეყნის მთელი ტერიტორიის 0,24%-ია.

სულ საქართველოში 734 მყინვარია აღრიცხული, რომელთა საერთო ფართობი 511,12 კმ2– ია, რაც საქართველოს მთელი ტერიტორიის 0,73%-ს შეადგენს. მყინვართა უმეტესი ნაწილი თავმოყრილია დასავლეთ საქართველოში (67,3%, ფართობის მიხედვით – 81,2.%). მყინვარებში მოქცეული წყლის მარაგი წარმოადგენს მყინვარული რესურსების მნიშვნელოვან მახასიათებელს. საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარებში აკუმულირებულია 30 130 მლნ. მ3 ყინული.

უახლოეს წარსულში საქართველოში ჭაობებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ, განსაკუთრებით კოლხეთის დაბლობზე. ჭაობებს მიეკუთვნება ამოუშრობადი ჭარბტენიანი ტერიტორიები, რომლებიც არანაკლებ 30 სმ სისქის ტორფის ფენით არის დაფარული.

საქართველო მდიდარია მიწისქვეშა წყლებით, რასაც მის ტერიტორიაზე მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები, გეოლოგიური აგებულება და ჰიდროგეოლოგიური თავისებურებები განაპირობებს.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსები 573 მ³/წმ-ს შეადგენს. ეს წყლები სასმელად გამოსადეგია და საერთო მინერალიზაციის სიდიდის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფა: პირველ ჯგუფს 0.2 გ/ლ-მდე მინერალიზაციის წყლები მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად ჰიდროკარბონატულ-კალციუმიანი ქიმიური შედგენილობისაა. ამ წყლების მნიშვნელოვანი რესურსი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მხარეებში ფორმირდება. მეორე ჯგუფი 0.2-1.0 გ/ლ მინერალიზაციის მქონე მიწისქვეშა წყლებია, რომელიც სხვადასხვა ქიმიური შედგენილობით ხასიათდება და არათანაბრად, მაგრამ საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე არის გავრცელებული.

მტკნარი მიწისქვეშა წყლების გარდა, საქართველოს ტერიტორია მდიდარია ასევე მინერალური წყლებით. მინერალური მიწისქვეშა წყლის ჭაბურღილებისა და წყაროების რაოდენობა 2000 აჭარბებს. ასევე მნიშვნელოვანია თერმული წყლების ცალკეული და ჯგუფური გამოსავლები (ჭაბურღილები, წყაროები).

წყარო: „წყლის რესურსების დაცვა და მდგრადი მართვა“
| Print |
თეგები: წყალი / წყლის დღე /