საზოგადოება
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემოსავლები დაიბეგრება - საკანონმდებლო ცვლილება ახალციხეში განიხილეს

ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის ანგარიშის და მათი ფინანსური ანგარიშგების და საგადასახადო დაბეგვრის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა. დოკუმენტში მიმოხილულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებები, გამოვლენილია საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები. მოცემულია რეკომენდაციები საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური და საგადასახადო რისკების ეფექტიანი მართვისათვის.

გზამკვლევში აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო ხუთ წელში მნიშვნელოვნად შეიცვალა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური და საგადასახადო გარემო. ძირითადი ცვლილებები შეეხო მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საკითხებს.

შეხვედრა "დემოკრატ მესხთა კავშირის" ოფისში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა პროექტის ფარგლებში გამართა, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა.

გზამკვლევის პრეზენტაციას ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
| Print |