საზოგადოება
გოზალიძე, გოზალიშვილი თუ გოზალოვი - გვარის წარმოშობის ისტორია
გოზალ თურქულად ლამაზს ნიშნავს. აქედან არის ნაწარმოები საკუთარი სახელი გოზალა.

გოზალიშვილის გვარი საქართველოს სხვადასხვა მხარეშია გავრცელებული: მესხეთში, ქართლში, კახეთში, ქიზიყში. გოზალიშვილთა გვარი მრავალძირიანია. ისინი სხვადასხვა წინაპრის შთამომავალნი არიან და ერთმანეთს არ ენათესავებიან.

სოციალური მდგომარეობით გოზალიშვილები გლეხები იყვნენ.

არსებობს ზეპირი გადმოცემები გოზალიშვილთა ცალკეული სანათესავო ჯგუფების წინარე გვარების შესახებ. ასეთ გვარებად ასახელებენ: წერეთელაშვილს, ბროლაძეს, კოჭიაშვილს, კოჭიბროლაშვილს, ქოჩიბროლაძეს. წარმომავლობის შესახებ ზეპირი გადმოცემების სხვადასხვაობა გოზალიშვილთა გვარის მრავალძირიანობას ადასტურებს.

ქართულ საისტორიო საბუთებში გოზალიშვილთა გვარი XVII საუკუნიდან იხსენიება. უნდა აღინიშნოს, რომ გვარ-სახელი გოზალაშვილი უფრო ძველი დროიდან და უფრო ხშირად იხსენიება საბუთებში, ვიდრე გოზალიშვილი. ისინი უფრო ქვემო ქართლში ჩანან.

მესხი გოზალიშვილების ერთ-ერთ წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ XIV-XV საუკუნეების ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებული ვინმე გოგიბი გოზალიძე, რომელსაც ახალციხეში უცხოვრია.

მესხეთში გოზალიძის გვარი ოსმალთა გაბატონებამდე ყოფილა. ოსმალობის დროს მესხეთში უკვე გოზალიშვილები ჩანან. ისინიც ისევე იყვნენ ეროვნულ-რელიგიური დევნის ქვეშ, როგორც მესხეთის მთელი მოსახლეობა.

XVIII საუკუნის შუა ხანებში ვალელი გოზალიშვილების სამი ძმიდან ორი გამაჰმადიანებულა. ერთი ქრისტიანად დარჩენილა. გამაჰმადიანებულ ძმებს პეტრე და იოვანე ერქვათ. პეტრეს შთამომავალნი XVIII საუკუნის 80-იან წლებში ერზერუმის მხარეში გადასახლებულან და ახლა ალბათ თურქეთში ცხოვრობენ. იოვანეს (რომელსაც მუჰამედი დაარქვეს) შთამომავალნი ვალეში დარჩენილან, მაგრამ 1944 წელს, სტალინის ბრძანებით, სხვა მაჰმადიან მესხებთან ერთად შუა აზიაში გადაუსახლებიათ. ახლა მათი შთამომავალნი შუა აზიასა და ყაბარდოში ცხოვრობენ. მესამე ძმის, თომას, შთამომავალნი ქრისტიანებად დარჩნენ, მაგრამ შემდეგში ზოგი გრიგორიანი გახდა, ზოგიც - კათოლიკე (მათ მესხეთში სომხებად და ფრანგებად მოიხსენიებენ).

გოზალიშვილების ნაწილი ისევ ვალეში ცხოვრობს, ნაწილი კი შიდა ქართლში გადავიდა. მათი ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა-ხელოსნობა გახდა.

XIX საუკუნეში გასომხებული და გაფრანგებული გოზალიშვილების ნაწილი რუსულის გავლენით გოზალოვებად ჩაწერეს.

ზაქარია ჭიჭინაძის გამოკვლევებში "ქართველი კათოლიკე მოღვაწენი" და "ქართველი გრიგორიანები" გაფრანგებული და გასომხებული გოზალიშვილ-გოზალოვებიც იხსენიებიან.

ალექსანდრე ფრონელი წიგნში "დიდებული მეხეთი" ახალციხის კათოლიკურ ეკლესიას ახსენებს რაბათის უბანში: "არის კიდევ რაბათის რომის კათოლიკეთა ეკლესია, რომელსაც განაგებდნენ პატრები და დღესაც ამ ეკლესიას განაგებს ქართველი პატრი, მამა ლაზარე გოზალიშვილი".

გოზალიშვილთა გვარიდან სასულიერო და საერო მოღვაწენი სხვანიც ყოფილან: კათოლიკე პატრი გაბრიელ გოზალოვი, მონაზონი აგათა გოზალოვა, მონაზონი ფილიმონე გოზალოვა, სტამბოლის ქართული სტამბის ხელმძღვანელი ანტონ გოზალიშვილი, ისტორიკოსი გიორგი გოზალიშვილი, მაჰმადიან მესხთა ქართული ფრთის ლიდერი, ისტორიკოსი ხალილ უმაროვ-გოზალიშვილი და სხვანი.

ამჟამად სხვადასხვა წარმომავლობის გოზალიშვილები ცხოვრობენ: ახალციხეში, ვალეში, თბილისში, თელავში, გურჯაანში, სიღნაღში, ბოდბეში, წნორში, ლაგოდეხში გორში, კასპში. საქართველოში გოზალიშვილთა საერთო რაოდენობა 950-ს აჭარბებს.

წყარო: karibche.ambebi.ge

| Print |