საზოგადოება
ალუდა სეთურიძე - 17 ოქტომბერი ვეტერანების დღეა
,,ასპინძელი ალუდა სეთურიძე ავღანეთში პატრულირებისას ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა. ფეხების გარდა, ნაღმმა ორივე ხელზე ხუთი თითიც წააცალა. ის საბედისწერო დღე, 2010 წლის 26 თებერვალი, არ ახსოვს. სხვების ნაამბობიდან იცის, რომ პატრულირებისას ნაღმს ფეხი დაადგა და... მთელი თვე კომაში იყო. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახის ყველა ძვალი დამტვრეული ჰქონდა. 27 ოპერაცია გაუკეთეს გერმანიის სამხედრო კლინიკაში. ცოცხალი გმირი ალუდა სეთურიძე - ადამიანი, რომელმაც ტერორიზმთან ბრძოლაში უდიდესი როლი შეასრულა ავღანეთში" - წერს ელდარ კბილაშვილი ვეტერანის დღესთან დაკავშირებით.
ის ფაქტი, რომ ცოცხალი გმირები დაუფასებლები არიან, ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს. ილია მეორეს თქმით, ,,გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ".

,,მინდა მივმართო ყველას, ვინც სამშობლოს დასაცავად თავი არ დაზოგა და მამულს ერთგულად ემსახურა. ბევრი მათგანი ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა, ბევრიც კვლავ ჩვენს გვერდით არის და აგრძელებს ცხოვრებას.

საქართველოს ეკლესიის წმინდანთა მეოხებით იმქვეყნად წასულნი უფალმა აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს. ხოლო აქ მყოფთ და მათი ოჯახის წევრებს თვისი წყალობა მიჰფინოს და ჭეშმარიტების გზით ატაროს.

უნდა ითქვას, რომ გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს სანაცვლო პატივი თითქმის არასდროს რგებიათ და არც არაფერი მოუთხოვიათ. ესაა სწორედ ქვეყნის სიყვარული. უანგარო მსახურნი ღმერთმა კვლავაც უმრავლოს საქართველოს!"
, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

17 ოქტომბერი არის ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღე. ადამიანების, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებით იბრძოლეს; დღეისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ერთიან ბაზაში, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 479 პირია რეგისტრირებული. საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეცხრედ აღინიშნება.

1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რომელიც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
| Print |