საზოგადოება
უფუნქციო თავშესაფარს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 11 ათასი ლარი ერიცხება

წლების წინ აშენებულ ახალციხის თავშესაფარს ბენეფიციარები ისევ არ ჰყავს, თუმცა მისი მოვლა-პატრონობის და შენახვის ხარჯები კვლავ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტაბატაძე "მეცხრე არხთან" აცხადებს, რომ თავშესაფარი მოქმედია და თუ ვინმეს დასჭირდება, ობიექტი მზადაა მიიღოს ბენეფიციარები. რაც შეეხება მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილ ხარჯებს ტაბატაძე ამბობს, რომ დარაჯი აუცილებელია, რადგან არ მოხდეს ობიექტის დაზიანება. შესაბამისად, დარაჯებს ესაჭიროებათ ხელფასი.

შეგახსენებთ, რომ სათნოების სახლის გახსნის იდეა, ქალაქის ყოფილ მერს, გიორგი კოპაძეს ეკუთვნის. ამის შესახებ მან ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში განაცხადა, თუმცა თავშესაფარი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 118 400 ლარად აშენდა. ახალციხის მერიამ ავეჯი 2016 წლის ივლისის თვეში, 6 790 ლარად შეიძინა. თავშესაფრის მოწყობაზე, რომელსაც ბენეფიციარი ჯერ არ ჰყავს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 125 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. ამას ემატება მოვლა-შენახვის ყოველწლიური ხარჯი.

თავშესაფრისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2019 წელსაც 9 600 ლარი გამოიყო. თანხა ორი დარაჯის ხელფასზეა გათვლილი. უფუნქციო თავშესაფარს მეთვალყურე იმისთვის სჭირდება, რომ არ გაძარცვონ.
| Print |