საზოგადოება
საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული გამოკვლევა დაიწყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ გამოკვლევას ატარებს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოკვლევის საველე სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოკვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 400 რესპონდენტი - 3 300 ქალი 1 100 მამაკაცი მიიღებს მონაწილეობას.

„გამოკვლევის მიზანია 15-69 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსური მდგომარეობა და სამუშაოსთან დაკავშირებული ასპექტები, ჯანმრთელობა, მეუღლე/პარტნიორის და არაპარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობასთან დაკავშირებული დაზიანებები, ძალადობის გავლენა და დახმარების ძიებასთან დაკავშირებული ქცევები, სექსუალური შევიწროება, ადევნება, სოციალური ნორმები და შეხედულებები.

გამოკვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2023 წელს.

აღნიშნული გამოკვლევა პირველად 2017 წელს ჩატარდა, რომლის შედეგები ხელმისაწვდომია საქსტატის ვებ-გვერდზე.

გამოკვლევა პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ,“
- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |